„მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ - ზურაბ ჟვანიას ამ ისტორიული სიტყვების წარმოთქმიდან 25 წლის შემდეგ, საქართველო ევროსაბჭოდან გარიცხვის საფრთხის წინაშე დგას — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან სანიკიძემ.
ლევან სანიკიძის განცხადებით, გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაა.
-“ეს არის ნამდვილად მორიგი საგანგაშო განცხადება და ამ განცხადების მთავარი ადრესატი არის ბუნებრივია “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც შეგნებულად ანგრევენ წლების განმავლობაში მიღებულ წარმატებას ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ევროსაბჭოში ჩვენი გაწევრიანება იყო ნამდვილად ეპოქალური მოვლენა. ჩვენ გვახსოვს ის ლეგენდარული სიტყვები, რომლებიც მაშინდელმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოთქვა ევროსაბჭოში მიღების დროს, ზურაბ ჟვანიას სიტყვები, რომ “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი” - ეს იყო ნამდვილად უდიდესი ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენ ამ ეპოქალური მოვლენიდან 25 წლის თავზე დავდექით იმ ვითარებაში, რომ საუბრობენ ან უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ან ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხზე. ეს არის კატასტროფული ვითარება, რომლის გამოსწორების ერთადერთი შანსი არსებობს - საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ აქამდე გეგმაზომიერად მიგვიყვანა ივანიშვილმა და მათი ხელისუფლების მიმართ რაიმე მოთხოვნების წაყენებას მგონია, რომ არავითარი აზრი არ აქვს, ისინი პირიქით, გააუარესებენ ვითარებას.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ