უკრაინის კონსტიტუცია შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას ან მიწებით ვაჭრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან ტერიტორიული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ის მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა განიხილონ უკრაინა-აშშ-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის დროს.
"ჯერჯერობით, რუსეთს არ გამოუჩენია არანაირი ნიშანი იმისა, რომ სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თუ რუსეთი უარს იტყვის, მაშინ ახალი სანქციებია საჭირო,“ - თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას ომის დასრულების პირობების განხილვამდე.
„პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს და ჩვენ ყველა არ ვიცით. თუ მართლაც იმდენი მოთხოვნაა, რამდენიც მოვისმინეთ, მაშინ ყველა მათგანის განხილვას დიდი დრო დასჭირდება და ეს იარაღის ზეწოლით ვერ განხორციელდება. ამიტომ, აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა, საბოლოო შეთანხმებაზე სწრაფი მუშაობა. ამაზე ვაშინგტონში ვისაუბრებთ“, - თქვა მან.
ზელენსკის განცახდებით, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომლებიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი გადის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ დათანხმდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას ევროპასთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტი პროდუქტიული იქნება.