6 აგვისტოს, იაპონიის ქალაქს ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებიდან მე-80 წლისთავი აღნიშნეს.
ცერემონიას იაპონიის პრემიერ-მინისტრი შიგერუ იშიბა დაესწრო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად.
"იაპონია ერთადერთი ერია, რომელმაც ომის დროს ატომური დაბომბვა განიცადა", - განაცხადა ჰიროსიმას მერმა კაზუმი მაცუიმ ქალაქის მშვიდობის მემორიალურ პარკში. "იაპონიის მთავრობა წარმოადგენს ხალხს, რომელიც ნამდვილი და მდგრადი მშვიდობისკენ ისწრაფვის".
მაცუიმ გამოვიდა გაფრთხილებით "მსოფლიოში სამხედრო ძალების ზრდის ტენდენციის" და იმ "იდეის შესახებ, რომ ბირთვული იარაღი აუცილებელია ეროვნული თავდაცვისთვის".
მან ასევე განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიზანია ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან აცილება და ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების ხელშეწყობა, "დისფუნქციის ზღვარზეა".
მაცუიმ ასევე მოუწოდა იაპონიის მთავრობას, რატიფიცირება გაუკეთოს ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას. იაპონია ამ დრომდე უარს ამბობს ხელშეკრულების რატიფიცირებაზე, რადგან მიიჩნევს, რომ აშშ-ის ბირთვული იარაღი იაპონიის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მსხვერპლთა ხსოვნას, სწორედ იმ მომენტიდან, დილის 8:15 წუთიდან, როდესაც პირველი ბომბი ჩამოვარდა ქალაქში 1945 წლის 6 აგვისტოს.
1945 წლის 6 აგვისტოს, დილის 08:15 საათზე აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომბური ბომბი, რომელმაც მიწასთან გაასწორა 350-ათასიანი ქალაქი. ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამოგდებას 140 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.
სამი დღის შემდეგ, ატომური ბომბი ჩამოაგდეს ქალაქ ნაგასაკში, რომელსაც 75 ათასი ადამიანი შეეწირა.
ატომური დაბომბვიდან მალევე იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა, რითაც დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვები კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის სამხედრო გამოყენების ერთადერთ შემთხვევად რჩება. შეტევა განხორციელდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე.