“ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტს ფაქტობრივად დახურვა ემუქრება იმ შემთხვევაში, „თუ არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ“.
„დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც ხელაღებით იბრძვის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამის კიდევ ერთი დასტური არის ქუთაისის აეროპორტის ბედი, რომელსაც ფაქტობრივად, დახურვა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავკარგავთ უვიზო მიმოსვლას არალეგიტიმური რეჟიმის მიერ გატარებული ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო. ჩვენ გვახსოვს არაერთი მაგალითი, თუ როგორ გაძარცვა ამ ხელისუფლებამ ქუთაისი განვითარების შანსებისგან, ახლა კი ამავე ხელისუფლების პირობებში, ქუთაისი კარგავს იმ უმსხვილეს შემოსავლის წყაროს, რასაც წარმოადგენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი“, - განაცხადა გეგელიამ.
მისი განმარტებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ამ აეროპორტის შემდგომ განვითარებაზე, მის ირგვლივ ლოჯისტიკური ჰაბის მოწყობასა და ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე, დღეს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა გაუუქმონ.
„დღეს ამ თვითმარქვია რეჟიმის პოლიტიკის გამო, ქუთაისმა შესაძლოა დაკარგოს ეს ეკონომიკური ბერკეტიც, რადგან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმება იქნება საბედისწერო დარტყმა ქუთაისის აეროპორტზე. დღეს თუ ქუთაისიდან 30-ზე მეტი პირდაპირი ფრენა სრულდება, აქედან 24 ევროპულია. უვიზო მიმოსვლის გაუქმება მილიონობით ქართველს დატოვებს იმ უნიკალური შანსის გარეშე, რასაც ევროპის კონტინენტთან თავისუფალი მიმოსვლა გულისხმობს. კონკრეტულად, ქუთაისის შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის დაკარგვას, ჩვენს ეროვნულ ბიუჯეტში ნაკლები თანხის შესვლას და სერიოზულ დარტყმას ტურისტული სექტორისთვის. ეს არის არა აღსრულებული „ქართული ოცნებების“, არამედ ყალბი დაპირებების და განადგურებული პერსპექტივების ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მოსპო ანაკლიის პროექტი, გაანადგურა ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შესაძლებლობა, რითაც ზუგდიდის, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც 13 წლის განმავლობაში ვერცერთი დიდი ინვესტორი ვერ შემოიყვანა და ვერცერთი მეგაპროექტი ვერ შეასრულა. ამავე დროს, ეს არის ხელისუფლება, რომელიც სპობს იმასაც, რაც უკვე დახვდა და ასე მიადგა ხელისუფლების მავნე პოლიტიკა უკვე ქუთაისსაც, ათასობით სამუშაო ადგილს ქუთაისში, დიდძალ შემოსავალს ეროვნულ ბიუჯეტში და რაც მთავარია, თითოეული ქართველის ხელთ არსებულ შანსს, თავისუფლად იმგზავროს ევროპაში და ჰქონდეს სოციალური და ეკონომიკური კავშირები იმ სივრცესთან, რომლის ეკონომიკური ღირებულება 18 ტრილიონი ევროა და სადაც 450 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, პროტესტით, ბრძოლით და საერთაშორისო ზეწოლით, ყველა პატრიოტმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ დასრულდეს ანტი-ქართული მმართველობა და ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში და საბოლოოდ, ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, ეროვნულ ხელისუფლებაში გვყავდეს პრო-ქართული, ადამიანის და განვითარების მხარეს მყოფი ხელისუფლება“, - განაცხადა გეგელიამ.