ბიძინა ივანიშვილის სურვილია, მეორე და მესამე ადგილზე იყვნენ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იღებენ 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ლევან სანიკიძემ კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 56,2% ამბობს, რომ პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 10,7% „ძლიერი საქართველო – ლელო ხელისუფლებისთვის, თავისუფლებისთვის“ აძლევს ხმას; 10% – „გახარია საქართველოსთვის“; 9,5% – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“; 7,5% – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3,2% – „გირჩი“; 1,8% – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 1,1 % – სხვა პარტიები.
„აქ შეუძლებელია, ვისაუბროთ სოციოლოგიაზე, პროცენტულობაზე, მხარდაჭერის ხარისხზე, მაგრამ შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, რა არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი. მისი სურვილია სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“, დანარჩენი, ვინ შეასრულებს სისტემური ოპოზიციის როლს, მათი გადასაწყვეტია და მათ მიერ არის დღეს გასაკეთებელი ის კომენტარები, რატომ უზრდის ბიძინა ივანიშვილი „გორბის“ რეიტინგით მათ რაღაც გავლენას, ანუ 3-პროცენტიანი პარტია გასამმაგდა? მე არ ვამბობ, რომ 3-პროცენტიანი იყო რომელიმე. ქართველი ხალხი გაგიჟდა, რა მაგარია თვითმმართველობის არჩევნებში გამოგლეჯენ თბილისსო? ამის სჯერა ვინმეს დედამიწის ზურგზე? დარწმუნებული ვარ, მათ ოფისებშიც არ სჯერათ, უბრალოდ, უფრო მკაფიოდ უნდა თქვან, ივანიშვილის თამაშში ნებსით, თუ უნებლიედ როცა მონაწილეობ, ისე გათამაშებს, რომ შენ საერთოდ აღარაფერს გკითხავს. ამ ადამიანების პრეტენზია ხომ იყო მთავარი ოპოზიციური პარტიობა, ხომ დაუწერა? მაშინ ბიძინასთან რა პრეტენზია აქვთ? მორალური უპირატესობის დაკარგვის პრობლემა ამაშია. ასე დაწერს არჩევნების შედეგებსაც. ტორტის ნაჭერივით დაჭრის 100 პროცენტს. ფაქტია, რომ „ლელო“ და გახარიას პარტია მონაწილეობენ იმ თამაშში, რომელიც აწყობს ბიძინა ივანიშვილს“, – აღნიშნა ლევან სანიკიძემ.