კოალიცია "ცვლილებისთვის" სასამართლოს მიერ ნიკა მელიასა და გივი თარგამაძისთვის გამოტანილ განაჩენებს გამოეხმაურა.
"არასრული ერთი თვის განმავლობაში, რუსულმა რეჟიმმა ნიკა მელია წინასწარი პატიმრობით, 2-ჯერ დააპატიმრა. დღეს კი სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა. ასევე, ამ არასრული ერთი თვის განმავლობაში მოხდა ნიკა მელიას კრიმინალური გატაცებაც, რაზეც ამ დრომდე, არც მელიას და არც მის ადვოკატებს ფორმალური დოკუმენტაციაც კი არ ჩააბარეს. უფრო მეტიც, მელიას დაკავებაზე პასუხისმგებელი პირები შსს-ში დააწინაურეს.
ასევე, დღეს გივი თარგამაძე დააკავეს. ამით, რეჟიმმა ვლადიმირ პუტინს დიდი ხნის ოცნება და სურვილი აუსრულა. სოლიდარობა გივი თარგამაძეს". - თქვა კოალიციის წევრმა, გიორგი კირთაძემ.
ასევე, კირთაძის თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გაგრძელდება.
"ივანიშვილისა და მისი რეჟიმის მთავარი მოკავშირე ახლა არის იმედისა და რწმენის გატეხვა იმ ხალხში, ვინც საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამის პასუხი უნდა იყოს მეტი რწმენისა და მოტივაციის გაჩენა იმ ადამიანებში, ვინც ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით. ამის ნათელ მაგალითს ძალიან აქტიურად გვაძლევენ ნიკა მელია, გივი თარგამაძე, ნიკა გვარამია და სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უკვე ციხეში არიან. ასევე, ამის მაგალითს გვაძლევს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, რომლებიც ამდენი თვეა, ივანიშვილს საპყრობილეში ჰყავს და ვერ გატეხეს.
არათუ გავტყდებით, არამედ კიდევ უფრო მეტი მოტივაციით გავაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და გამარჯვება ბოლოს მაინც აუცილებლად ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დარჩება". - ამბობს კირთაძე.
შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე დააკავეს. მას ცოტა ხნის წინ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
დღესვე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7- თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.