ახლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან, - აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, საჭიროა ბრძოლის სტრატეგიის გარშემო ერთიანობა, ადგილობრივი არჩევნების დელეგიტიმაცია, სანქციები და დიდი აქციის ჩატარება, სადაც ბრძოლის სტრატეგია გამოცხადდება.
„თანამედროვე ავტოკრატიების იარაღი არის ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ინფორმაციის მასობრივი საშუალებების იარაღით ყალბი რეალობების შექმნა და ადამიანების ტვინებზე ზემოქმედებაა. ახლანდელი დაჭერები სწორედ ამას ემსახურება, რომ ფსიქოლოგიურად გავტყდეთ და ჩავთვალოთ, რომ ყველას მოგვდგებიან და მოგვერევიან.
რეალობა კი ასეთია:
რეჟიმს არავინ აღიარებს არც გარეთ, არც შიგნით. როცა არ გაღიარებენ, გიჭირს არსებობა. ეს მუდმივი მოცემულობა არაა, შესანარჩუნებელია;
შიგნით „ქოცებში“ მიდის ერთმანეთის დაჭმა, ეს მათი წაგების ნიშანია? - ჯერ არა. სისუსტის? კი;
საქართველოს აღმოაჩნდა გაუტეხელი საზოგადოება და გაუტეხელი პოლიტიკური სპექტრი. ეს მოგების გარანტიაა? არა. მოგების შანსს იძლევა? კი. მთავარია, როგორ გამოიყენებ;
უმრავლესობა ვართ? კი. ეს მოგების გარანტიაა? თუ დაქსაქსულები ვიქნებით, არა! თუ ერთად? დიდი შანსია. რა არის გასაკეთებელი? ერთიანობა, ოღონდ ბრძოლის სტრატეგიის გარშემო: ბრძოლის სტრატეგია:
ნულოვანი თანამშრომლობა რუსებთან, ანუ „ოცნებასთან“;
ადგილობრივი ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია - ეს დაამთავრებს მათი აღიარების ილუზიას, მიმართულებას მისცემს პროტესტს;
საერთო სახალხო პროტესტის ახალი ფაზა - დარჩენილი პოლიტიკოსების და საზოგადოების ერთად დგომით (აქ მაქვს კონკრეტული იდეები, აქ არ დავწერ);
ქვეყნის გარეთ ოპოზიციის ერთობის ლეგიტიმაციის მიღწევა;
სანქციები.
მალე უნდა გავაკეთოთ დიდი აქცია, ყველა ერთად დავდგეთ და ბრძოლის სტრატეგია ვთქვათ. ეს არის ჩემი ამოცანები ამ დღეებში და ეს არის ჩემი განწყობა ამ ფაზაში“,-წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.