„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. ის განაჩენის გამოცხადებას თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში ელოდებოდა. მასთან ერთად პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.