ვერ გაგვტეხენ. ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მისი ხელისუფლების ქართველი ხალხის მიერ გასტუმრებით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მის მიმართ განაჩენი გამოაცხადა.
„ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. ყველას მინდა ვუთხრა: პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა .