ვერავის შეაშინებთ! არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერებისტყვეობით "ლელო - ძლიერი საქართველო" შეწყვეტს ბრძოლას. ამის იმედი ნურავის ექნება, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ ბადრი ჯაფარიძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, კოალიცია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს და მათ ვერავი და ვერაფერი დააშინებთ.
"საფუძველზე საუბარიც ზედმეტია, მაგრამ მინდა, მივმართო ამათ: ვერავის შეაშინებთ! ბადრი ჯაფარიძეც, მამუკა ხაზარაძეც, ორივე მზად იყო ამ განაჩენისთვის, ისინი მზად იყვნენ ამისთვის, ქვეყნის გულისთვის, ქვეყნის გათავისუფლებისთვის.
არავინ იფიქროს, რომ ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ტყვეობით "ლელო - ძლიერი საქართველო" შეწყვეტს ბრძოლას. ამის იმედი ნურავის ექნება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის, ჩვენი ლიდერები, მიუხედავად მათი ტყვეობისა, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისთვის. რეჟიმი აგონიაშია, არავის არაფრის ეშინია, ჩვენი ლიდერებს არაფრის ეშინიათ!, - თქვა ადვოკატმა.
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.