ზურა გირჩი ჯაფარიძის დაპატიმრება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო, რათა მან რაღაცნაირად, დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
„ქვეყანაში დიქტატურა გრძელდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დიქტატურა არ დამკვიდრდეს ჩვენს სახელმწიფოში. ზურა გირჩი ჯაფარიძს დაპატიმრება კიდევ ერთხელ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ მან რაღაცნაირად დააშინოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური აქტივობა, კონკრეტული პოლიტიკური ძალები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყოველი ასეთი მკაცრი ნაბიჯი, ე.წ. მკაცრი, არადა რუსული სახელმწიფოს, საოკუპაციო, ოკუპანტი ქვეყნის მაამებელი კონკრეტული გადაწყვეტილებები, უფრო მეტად მოტივაციას მისცემს როგორც ქართველ ხალხს, ისე ყველა პოლიტიკოსს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მზად არის იბრძოლოს ბიძინა ივანოშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“,- განაცხადა ბოტკოველმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.