ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს „საინტერესო ინფორმაცია“ ირანის მიერ 60%-ით გამდიდრებული 400 კილოგრამი ურანის ადგილმდებარეობის შესახებ.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს „მოუწია მოქმედება“ ირანის წინააღმდეგ, რადგან თეირანი 2024 წლის სექტემბერში „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის შემდეგ ბირთვული იარაღის შექმნას ჩქარობდა.
მისივე თქმით, ირანის გეგმავს, ისრაელის წინააღმდეგ თვეში 300 ბალისტიკური რაკეტა გაუშვას.
მისი თქმით, თავისი შეშფოთება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუზიარა.
„მე დონალდ ტრამპს ვუთხარი ჩვენი მოქმედების აუცილებლობის შესახებ და მან ეს ძალიან კარგად გაიგო. მე ვიცოდი, რომ როდესაც საქმე აქამდე მივიდოდა, ის სწორად მოიქცეოდა. ის სწორად მოიქცეოდა ამერიკისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის. ის სწორად მოიქცეოდა ცივილიზაციისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ღაზაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს შეუძლია, ღაზას სხვა მომავალი მისცეს.
„შეიძლება, ის ხვალ დასრულდეს. ის შეიძლება, დღეს დასრულდეს, თუ „ჰამასი“ დანებდება, იარაღს დაყრის და ყველა მძევალს გაათავისუფლებს. ეს ერთ წამში დასრულდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, ღაზას სხვა მომავალი მივცეთ. მე მაქვს გეგმა მუდმივი მშვიდობისთვის. ჩვენ მზად ვართ, ახლავე დავიწყოთ მოლაპარაკებები ბატონი უიტკოფის წინადადებაზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.