საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "აღკვეთის ღონისძიება მიმართული არ უნდა იყოს ბრალდებულის დასჯისკენ".
"აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიმართული არ უნდა იყოს ბრალდებულის დასჯისკენ. სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იმსჯელოს ნაკლებად შემზღუდავი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მხოლოდ მაშინ, როდესაც ვერცერთი სხვა აღკვეთის ღონისძიების სახე ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას, საგამონაკლისოდ, გამოიყენოს პატიმრობა." – წერია განცხადებაში.
მათი შეფასებით, ბუნდოვანია, როგორ შეიძლება ბრალდებულმა გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მანდატურები არიან და, გარდა ამისა, არსებობს ვიდეო ჩანაწერიც. საიას თქმით, არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, რადგან გამოძიება უკვე 10 დღეზე მეტია რაც მიმდინარეობს და ამის შესახებ ნინო დათაშვილმაც იცის. აგრეთვე გასათვალისწინებელია მისი ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
"სასამართლო სხდომაზე პროკურატურა უთითებდა მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე. საიას შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება არ უნდა იყოს აბსტრაქტული და უნდა იყოს გამყარებული კონკრეტული გარემოებებით. ბუნდოვანია, როგორ შეიძლება მოახდინოს ზემოქმედება ბრალდებულმა მოწმეებზე, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა თავად მანდატურები არიან, ასევე მომხდარი ინციდენტი ასახულია ვიდეოჩანაწერებში. ამასთან, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციულსახდელდადებული. მიმალვით კი, დათაშვილი არ მიმალულა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ, რომელიც უკვე დაახლოებით 10 დღეზე მეტია მიმდინარეობს. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ წარდგენილი ბრალდება თავისუფლების აღკვეთის გარდა ალტერნატიულ სასჯელს - ჯარიმასაც ითვალისწინებს. ბრალდებულს ჰყავს შვილი და აქვს მასზე ზრუნვის ვალდებულებები, ასევე დაცვის მხარემ ისაუბრა ბრალდებულის ჯანმრთელობის პრობლემაზეც." – წერია განცხადებაში.
საიას ცნობით, პატიმრობა უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასაც და მოსამართლეს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი სხვა დამატებითი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დამატებითი ღონისძიებების ნუსხაში. სწორედ ამგვარი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა დაცვის მხარე გირაოსთან ერთად, თუმცა მოსამართლემ დაცვის არგუმენტები არ გაითვალისწინა.
"თავისუფლების უფლება გულისხმობს, რომ პატიმრობა - თავისუფლების მაქსიმალური შეზღუდვა - ყოველთვის უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, „პირის დაკავება იმდენად მკაცრი ღონისძიებაა, რომ მისი გამართლება შესაძლებელია მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიება მიიჩნევა არასაკმარისად ინდივიდუალური ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად”. 1 ამდენად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება, ერთი და მეტი დასაშვები საფუძვლის მისაღწევად, ჩაითვლება მიზანშეუწონლად. 2 გარკვეული საფრთხეების განეიტრალების მიზნით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ე.წ. დამატებითი ვალდებულებების გამოყენებასაც. 3 კერძოდ აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად ბრალდებულის მიმართ შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნეს: ვალდებულება, დანიშნულ დროს ან გამოძახებისთანავე გამოცხადდეს სასამართლოში; გარკვეული საქმიანობის ან პროფესიის განხორციელების აკრძალვა; სასამართლოში, პოლიციაში ან სხვა სახელმწიფო ორგანოში ყოველდღიურად ან სხვა პერიოდულობით გამოცხადებისა და ანგარიშგების ვალდებულება; სასამართლოს მიერ დანიშნული უწყების ზედამხედველობა; ელექტრონული მონიტორინგი; ვალდებულება გარკვეულ ადგილას ყოფნისა გარკვეულ საათებში ან უამისოდ; გარკვეული ადგილის დაუტოვებლობის ან მასში შეღწევის აკრძალვა; სპეციალური ნებართვის გარეშე გარკვეულ პირებთან შეხვედრის აკრძალვა; პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება; სასამართლოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელიც აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების მისაღწევად. ამრიგად, დამატებითი ვალდებულებების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და მოსამართლეს შეუძლია, გამოიყენოს ნებისმიერი სხვა დამატებითი ღონისძიება, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დამატებითი ღონისძიებების ნუსხაში. მოსამართლეს უფლება აქვს, დამატებითი ღონისძიებები გამოიყენოს მხოლოდ აღკვეთის ძირითად ღონისძიებასთან ერთად და არა – მისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ღონისძიებებს აქვს დამატებითი ფუნქცია და მათი მიზანია, აღკვეთის ძირითად ღონისძიებებთან ერთად, საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა. 4 სწორედ ამგვარი ღონისძიებების გამოყენებას შუამდგომლობდა დაცვის მხარე გირაოსთან ერთად, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა." – წერია განცხადებაში.
ასევე ნათქვამია, რომ მანდატურების მხრიდან ძალადობაზე დათაშვილის გარდა, სხვა მოქალაქეებიც საუბრობენ მოქალაქეები. მათი თქმით, ბრალდებულმა საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა, თუმცა აღნიშნულს სამართალდამცავების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ამბობენ, რომ უცნობია, "დაიწყო თუ არა გამოძიება ან რაიმე სახის შიდა მოკვლევა მანდატურის სამსახურის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ბოლო პერიოდში აქციების კონტექსტში დაკავებული დემონსტრანტების პროცესებზე დასწრების მიზნებისთვის სასამართლოში მყოფი მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე, ვინაიდან, სასამართლოში მანდატურების მხრიდან მიმდინარე ძალადობაზე მიუთითებდნენ სხვა მოქალაქეებიც."
განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ქუთათელაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 60 000 ლარის ოდენობით. თუმცა ბოლო პერიოდებში 50-ამდე აქტივისტის მიმართ სხვადასხვა მოსამართლემ, მათ შორის, ნანა შამათავამაც ყველა ჯერზე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ.
ასოციაციამ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ონლაინმედიებს არ აძლევენ საშუალებას სასამართლოში თავისუფლად მუშაობის.
"სასამართლოში განსაკუთრებით მძიმე პირობებში უწევთ მედიის წარმომადგენლებს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება, მაგალითად ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტს, საიას მონიტორის დაკვირვებით, არაერთხელ მიუმართავს სასამართლოსთვის, რომ მისთვისაც, ისევე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, მიეცათ უფლება დინამიკთან ახლოს დაედო მიკროფონი, თუმცა აღნიშნული თხოვნა ყველა ჯერზე უგულებელყო სასამართლომ და ჟურნალისტს უწევს ხანგრძლივ პროცესებზე ხელში ეჭიროს მიკროფონი და ისე განახორციელოს პროფესიული მოვალეობა. გაუგებარია, რიგი მოსამართლეების მხრიდან სხვა პროფესიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი ღირსების შემლახავი დამოკიდებულება. მით უფრო, იმის გთვალისწინებით, რომ ჟურნალისტები ორიენტირებული არიან საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება." - ნათქვამია განცხადებაში.
ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო.
ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.