არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ როგორც მოქალაქეს მაინტერესებს, რა მიზნებით მოქმედებდა გახარია, როცა აშკარა იყო, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს კონტრნაბიჯები მოჰყვებოდა და ზუსტად ერთი-ერთში მიიღო ის ნაბიჯი, რაც ძალიან ადვილი გამოსაცნობი იყო და როგორც ახლა აღმოჩნდა, რის თაობაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს საკითხი, როგორც მოქალაქეს მაინტერესებს. მაშინ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონდა და ამ პროცესს, როგორც მოქალაქე ვაკვირდებოდი. მახსოვს, მაშინ გახარია და მისი გუნდი, ქემოკლიძეს და სხვებს ვგულისხმობ, როგორ ყელყელაობდნენ, თურმე საქართველომ შეძლო, ტერიტორიები არ დათმო და ა.შ. როგორც მოქალაქემ, არ ვიცოდი, თურმე ტერიტორიები არ დათმო კი არა, მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი არ არის ცენტრალური ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ. ამაზე საუბრობს მოსახლეობაც, რომელსაც დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოუსმინეს. არა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არამედ როგორც მოქალაქეს მაინტერესებს, მაშინ რა მიზნებით მოქმედებდა გახარია, როცა აშკარა იყო, რომ ასეთ პროვოკაციულ ნაბიჯებს კონტრნაბიჯები მოჰყვებოდა და ზუსტად ერთი-ერთში მიიღო ის ნაბიჯი, რაც ძალიან ადვილი გამოსაცნობი იყო და როგორც ახლა აღმოჩნდა, რის თაობაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფრთხილებდა. თავადაც კი დაადასტურა, რომ ეს შეთანხმებული არ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. თუ გახსოვთ, კომისიის სხდომაზე თქვა, რომ სუს-ს და სხვა სტრუქტურებს სხვა მოსაზრება ჰქონდათ, მაგრამ მან მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება. უკაცრავად, მაგრამ როცა შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს, ნავთლუღი ხომ არ არის, ან სხვა ტერიტორია, რაზეც შეიძლება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამოუკიდებლად მიიღო რაღაც გადაწყვეტილებები.უსაფრთხოების სამსახური იმიტომ გვაქვს, რომ მათი მოსაზრება და რეკომენდაცია გასათვალისწინებელია, რომელიც წლებია, ეფექტიანად მუშაობს. დეტალები კიდევ გაირკვევა, მაგრამ მას იმდროინდელი პრემიერ-მინისტრისგანაც არ ჰქონდა თანხმობა. როცა მინისტრი ასე თვითნებურად და ერთპიროვნულად იქცევა, არ ათანხმებს არაფერს არც უსაფრთხოების სამსახურთან და როგორც ჩანს, არც პრემიერ-მინისტრთან, აქ უკვე ეჭვებია, რომ ადამიანი ასეთ თავხედობაზე ადვილად არ წავიდოდა. როგორც ჩანს, აქაც გარკვეული მავნე იდეები და მიზნები აქვთ ჩადებული, რამაც ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. ფაქტი ერთია – ტყუილი აღმოჩნდა ის, რასაც ამბობდა და დღემდე ამტკიცებდნენ, თითქოს ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის რაღაც ნაწილი კონტროლიდან არ გავიდა. სინამდვილეში, ზუსტადაც ამ ნაბიჯიდან გამომდინარე, დღეს ტერიტორიის ნაწილი ეფექტური კონტროლის ქვეშ არ არის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს ჩორჩანას და სხვა სოფლების საკითხზე. გახარია კომისიის სხდომაზე 23 ივნისს არის დაბარებული.