სასამართლო დარბაზებსა და დერეფნებში ექსტრემიზმი დაფინანსებული და წახალისებულია გარედან, რადგან სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ზოგიერთი ევროპელი ელჩი გაჩუმებულია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ექსტრემისტებს ქართული მართლმსაჯულების კედლებში სიტუაციის არევის შესაძლებლობა არ მიეცემათ.
„ჩვენ რასაც ვხედავთ ლამის ყოველდღიურად სასამართლოში, ეს არის ისტერია, ძალადობა. გუშინ ვიხილეთ კადრები, როდესაც მანდატურზე პირდაპირ ძალადობდა ერთ-ერთი ქალი აქტივისტი. ამ ყველაფერს არანაირად არ ესაქმება სასამართლოს დარბაზებსა და დერეფნებში. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ, მათ შორის, სასამართლო, მანდატურის სამსახური ამ მხრივ იქნება მკაცრი. შეუძლებელია, ჩვენ მივცეთ შესაძლებლობა ექსტრემისტებს, რომ არიონ ქართული მართლმსაჯულების კედლებში სიტუაცია. სამწუხაროდ, ეს ექსტრემიზმი და ისტერია დაფინანსებული და წახალისებულია გარედან, რადგან სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ზოგიერთი ევროპელი ელჩი გაჩუმებულია. ამით ახალისებენ ზუსტად ამ ქცევას, მანდატურზე ძალადობას, სასამართლო დარბაზებში ისტერიას და სხვა ასეთ ექსტრემისტულ ქცევებს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ სიტუაციის მოწესრიგება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.