პარტია „ფედერალისტების“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას კოტე იოსელიანის ნობოდიშებასა და მასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმიანება.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა.
"რეჟიმის ლიდერის და ოლიგარქის ან მისი ოჯახის წევრების პერსონალური შეურაცხყოფის ან უხამსი პოლიტიკური კრიტიკის გამო ოპონენტებისთვის საჯარო მობოდიშების და მონანიების იძულება - კიდევ ერთი საგანგაშო და სამარცხვინო სიმპტომია იმისა, თუ საით მიჰყავს ივანიშვილის რეჟიმს ქვეყანა.
რაც არ უნდა მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით რეჟიმის პროპაგანდისგან ან შსს-სგან, ის, რაც უკვე ვიხილეთ და რაც უდავოა - ვგულისხმობ საჯარო მონანიებას ხელისუფლების ოპონენტისგან, სრულიად საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ აქ სწორედ ასეთ სახიფათო მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად სამუდამოდ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ძალაუფლების მქონე პირთაგან ოპონენტების ასეთი ამაზრზენი მეთოდებით დევნა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. 8 ივნისს კოტე იოსელიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.