თბილისის საქალაქო სასამართლოში სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა - ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ კი შესავალი სიტყვა დაიწყო, თუმცა, ის შეწყვიტა და პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
პროტესტის მიზეზი სასამართლოს დერეფანში განვითარებული მოვლენები და ხმაური იყო. მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები სხდომიდან გასულ TV პირველის ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას უკან შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, მას მანდატური ფიზიკურადაც შეეხო, რასაც ხმაური მოჰყვა. ბასილაიამ მოსამართლეს უთხრა, რომ ამ პირობებში, ის შესავალი სიტყვის ბოლომდე წარმოთქმაზე უარს ამბობდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პროცესის გადადების საფუძველი არ არის, რაზეც ვაშაძემ განაცხადა, რომ ის ადვოკატის გარეშე სხდომაზე ვერ დარჩებოდა, რის გამოც მას პროცესი უნდა დაეტოვებინა.
საქმეზე მომდევნო სხდომა 16 ივნისს, 10:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლემ მხარეებს უთხრა, რომ ამ დღეს დასკვნითი სიტყვებისთვისაც მოემზადონ.
გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.
გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.