აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა და კიდევ 7 ქვეყნის მოქალაქეებისთვისს შეზღუდვები დააწესა. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ტრამპმა შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა ავღანეთის, მიანმარის, ჩადის, კონგოს რესპუბლიკის, ეკვატორული გვინეის, ერითრეას, ჰაიტის, ირანის, ლიბიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს. აღნიშნულია, რომ აკრძალვა „უსაფრთხოების რისკების“ მოტივით შემოიღეს.
ნაწილობრივი შეზღუდვები გავრცელდება შვიდი ქვეყნის მოქალაქეებზე: ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელის.
ასევე აღნიშნულია, რომ აკრძალვა გამონაკლისებს ითვალისწინებს კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის, ვიზების გარკვეული კატეგორიების მფლობელებისთვის და იმ პირებისთვის, რომელთა შესვლაც შეესაბამება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს.