შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელევიზიების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარს.
სენატორი შაჰინის განცხადებით, "ქართული ოცნება" აწარმოებს ჯვაროსნულ ლაშქრობას სიმართლის წინააღმდეგ.
მისივე განცხადებით, ის მოუწოდებს სენატს, მიიღოს MEGOBARI აქტი.
"დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც "ქართული ოცნების" მთავრობამ ცვლილებები შეიტანა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში, ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რომ კანონი იარაღიად იქნებოდა გამოყენებული დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ. ახლა, როდესაც "ქართულ ოცნებას" დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ სარჩელები შეაქვს "კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში", რომლის დამოუკიდებლობაც თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ცხადია, რომ ეს მედიასაშუალებები არ შეფასდებიან მათი ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო იქნებიან სამიზნე.
"ქართული ოცნების" ჯვაროსნული ლაშქრობა სიმართლის წინააღმდეგ დემოკრატიაზე თავდასხმაა. სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული MEGOBARI აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას მედიის თავისუფლებასა და მის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.
2025 წლის 2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრებით მიმართა სამი ტელეკომპანიის - "პირველის", "ფორმულას" და "მთავარი არხის" - წინააღმდეგ და მათი სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა.