ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის მიმართ ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას.
„ევროპული კურსის შეჩერებასა და რუსული კანონების დაწესებაზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ამაოა. მაგრამ, ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერა პროევროპელი საქართველოს მოქალაქეებისა და ევროპარლამენტის რეზოლუციის შესაბამისად ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ მათი მოთხოვნის მიმართ აუცილებელია!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
დღეს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"საქართველოს კანონი "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ", ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს. "მაუწყებლობის შესახებ" და "გრანტების შესახებ" ბოლოდროინდელ კანონებთან ერთად, ამ კანონის მიღება საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი აგრესიული ქმედებაა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად, ასევე, თავისუფლებების შესაზღუდად და აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის სამოქმედო სივრცის კიდევ უფრო მეტად შესავიწროებლად. ეს რეპრესიული ზომები საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების არსებობის გაგრძელებას და მოქალაქეების მომავალს თავისუფალ და ღია საზოგადოებაში," - ნათქვამია განცხადებაში.