ურთულეს სიტუაციაში ჩავარდა ე.წ. ოპოზიცია, ძალიან ბევრი კითხვაა, მათ შორის საპარლამენტო კომისიაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მელიამ საპარლამენტო კომისიაზე მოუსვლელობა უნდა დაახასიათოს როგორც მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა. ეს შეგინებაც, ვფიქრობ, რომ განზრახ არის ჩადებული მის ქმედებაში და როდესაც პასუხები არ არის კითხვაზე, ნებისმიერ ადამიანზე, ვისაც იბარებენ და არ მიდის, ურჩევნია, რომ იყოს ამ მდგომარეობაში. ცდილობს, აქედან იქნებ რაღაცა გამოადნოს, რომ ვიღაცამ პოლიტიკურ პატიმრად აღიაროს და განზრახ ჩადის იმ დანაშაულს, რომელსაც კანონი არ აპატიებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დაკავებულია.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მელია სამართალდამცველების მიერ დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით.