შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ს.წ.- ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება.
„დანაშაული ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ.-მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ.-ზე იყო რეგისტრირებული.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ, აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითიც დადასტურდა, რომ ს.წ-მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
საქმეზე გამოძიება მ.ჯ-ს განზრახ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.