„გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ განცხადებას ეხმიანება.
ანა ბუჩუკურის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების გეგმა, თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის შემდეგ, ე.წ. სატელეფონო არჩევნებია, რაც მათი მხრიდან არასერიოზულია.
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის.ანა
რამდენიმე დღის წინ ძალიან მარტივი, ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვა დავუსვით ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ მუნიციპალურ არჩევნებს: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები. ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა: "პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა, დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის დრო დადგა - რას ვაკეთებთ, ანუ შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები? ამას პასუხი ძალიან მკაფიოდ უნდა გაეცეს".