წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. გარდა ამისა, ჯაფარიძის ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს თეა წულუკიანის გამოკითხვის შუამდგომლობითაც მიმართეს.
მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა დასაკითხ პირთა სიაში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების დამატებასთან დაკავშირებით. მოსამართლემ ასევე არ დააკმაყოფილა ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს მიმართა ბადრი ჯაფარიძემაც.ბადრი ჯაფარიძემ სხდომაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია არა მხოლოდ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, არამედ გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.
"პირდაპირ სახეზეა თანასწორობის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა კანონის მოთხოვნის. კანონით განსაზღვრული არის, პირდაპირ, იმპერატიულად, რომ საგამოძიებო კომისია მინიმუმ 50%-ით უნდა შედგებოდეს ოპოზიციონერი წევრებისგან. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამი წევრი თავისი რიგებიდან დანიშნა ქართულმა ოცნებამ, ეს იგივეა, რომ პროკურორმა დანიშნოს მეორე პროკურორი ადვოკატად და თქვას, ის იცავდა ბრალდებულის უფლებებსო, ამავდროულად ორი ადგილი, რომელიც ვითომდა გამოყვეს სხვა პარტიისთვის, მან თქვა, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, გაყალბებული და არ მიიღებს მონაწილეობას მუშაობაში.
შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება არის საგამოძიებო კომისიაზე წარმოდგენილი, ამიტომ საგამოძიებო კომისია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებისთვის. კანონმა სწორედ იმიტომ დაადგინა, რომ მინიმუმ 50-% ოპოზიციის წევრებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ხელისუფლებაში მყოფმა
პარტიამ არ გამოიყენოს საგამოძიებო კომისია პოლიტიკური ოპონენტებისადმი ანგარიშსწორებისთვის. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტებისადმი, სწორედ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის მიერ, რომელიც არის შექმნილი კანონის ფეხქვეშ გათელვის საფუძველზე. თვითონ უკანონოა პარლამენტი, უკანონოა კომისია და კანონის დარღვევით არის მიღებული ყველა გადაწყვეტილება მათ მიერ". - მიმართა ჯაფარიძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
დღეს, 19 მაისს, ასევე გაიმართება კოალიცია ძლიერი საქართველოს კიდევ ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესიც.
ცნობისათვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მან დადგენილ ვადაში გადაიხადა.