სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ მივდივართ, პირიქით, ასეთი ადამიანი დღეს საქართველოს სჭირდება, რომ ჩვენს არჩევნებს ლეგიტიმაცია მისცეს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმასთან“ ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თავად უფრო რადიკალურად სურთ მოქმედება, ვიდრე მიმდინარე დინებით.
„ჩვენ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არ მივდივართ, პირიქით, მის გამოყენებას ვაპირებთ კარგი გაგებით. ასეთი ადამიანი დღეს სჭირდება საქართველოს, რომ ლეგიტიმაცია მისცეს ჩვენს არჩევნებს. ჩვენ არ ვუპირისპირდებით მას, პირიქით, ადამიანები, რომლებიც არიან „წინააღმდეგობის პლატფორმაში“, შემდეგ მოდიან ჩვენთან და ჩვენგან იქ მიდიან. მთავარია, ჩვენ, ორივეს, ერთი და იგივე იდეა გვაქვს. ერთადერთი განსხვავებაა, რომ უფრო რადიკალურად გვინდა ამის გაკეთება და არა მიმდინარე დინებით. დრო არ გვაქვს. ჩვენ თუ კიდევ ნელი დინებით მივყვებით ამ ჩვენს ცხოვრებას, გამოდის, რომ ივანიშვილს ვაძლევთ ბევრ დროს, ქვეყანა ბელარუსი გახადოს. არასწორს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ნელი დინებით მიდის. არ შეიძლება ასე. უნდა იყოს აქტივობა. რუსთაველის გამზირზეც ხალხი იკრიბება ყოველდღე და მათ უნდათ რამე აქტივობა, უკვე აღარ შეიძლება, რომ ასე გაგრძელდეს, თუმცა გამზირი უნდა გადაიკეტოს ყოველ საღამოს, ეს აუცილებელია.
ჩვენ არ ვართ პარტია, ჩვენ ვართ მოძრაობა, რომელსაც დავარქვით „რუსთაველის გამზირი“. დარეგისტრირებულებიც არ ვართ, არც არის საჭირო, აქ იყოს რეგისტრაციები და რაღაც. ჩვენ გვინდა, ხალხს მოვუწოდოთ, რომ მოვიდეს აზრზე, რა ხდება დღეს და, მგონი, ამას ყველანი ეთანხმებიან“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.