11 მაისს გვიან ღამით გაკეთებულ მიმართვაში რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ის კიევს ხუთშაბათს, 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას სთავაზობს.
თავის მიმართვაში პუტინმა პირველად უწოდა ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ომი.
მისი თქმით, თქმით, ის უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებას „წინაპირობების გარეშე“ სთავაზობს.
„ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს უკრაინულ მხარესთან დიალოგზე. შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები ჩვენ არ შეგვიწყვეტია 2022 წელს, ეს გააკეთა უკრაინულმა მხარემ. მიუხედავად ყველაფრისა, ვთავაზობთ კიევის ხელისუფლებას 2022 წლის ბოლოს მათ მიერვე შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე“, – აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ის ხვალ გეგმავს საუბარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და სთხოვს მას, უზრუნველყოს თურქეთში მოლაპარაკებების ჩატარების შესაძლებლობა.
თავის მიმართვაში პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაფერი უთქვამს. პუტინის მტკიცებით, მას უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა სურს. ამასთან, არ გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოლაპარაკებების დროს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში შევძლოთ შეთანხმება რაღაც სახის ახალ დაზავებებზე, ახალ ცეცხლის შეწყვეტაზე, რეალურ დაზავებაზე, რომელსაც დაიცავდა არამხოლოდ რუსეთი, არამედ უკრაინული მხარეც. ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, ვიმეორებ, გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობისკენ და არა პროლოგი შეიარაღებული კონფლიქტის გასაგრძელებლად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალი შეიარაღებისა და დაკომპლექტების შემდეგ. ვის სჭირდება ასეთი მშვიდობა?“ – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, ევროპელი ლიდერების ვიზიტის შემდეგ კრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს.