უკრაინას არ შეუძლია სხვა ქვეყნებს გარანტია მისცეს მათი ლიდერების უსაფრთხოების შესახებ 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი აღლუმზე, რადგან რუსულ მხარეს შეუძლია ნებისმიერი ქმედება განახორციელოს სტუმრების წინააღმდეგ და უკრაინული მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც 9 მაისს წავიდა ან აპირებს წასვლას: ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი იმაზე, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხდება.
ისინი უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოებას და შესაბამისად, ჩვენვვერ მოგცემთ რაიმე გარანტიას. რადგან არ ვიცით, რას იზამს რუსეთი ამ დღეებში.
მას შეუძლია თავისი მხრიდან სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმა, ასე ვთქვათ: ხანძრის გაჩენა, აფეთქებები და ა.შ. და შემდეგ ჩვენი დადანაშაულება.
მე, როგორც პრეზიდენტმა, და მე ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვუთხარი, რომ ჩვენთან დაკავშირებულ ადამიანებს უნდა ვუთხრათ: „[უსაფრთხოების] თვალსაზრისით, ჩვენ არ გირჩევთ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს“.
და თუ ასე მოიქცევით - ჩვენ ნუ გვკითხავთ. ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა...
... უკრაინას ნამდვილად არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს რუსეთში ხდება. ეს ფაქტია. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ, როცა ვიმყოფებით აქ.
უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ქვეყნებიც იგივე დიპლომატიას იყენებენ რუსეთთან, როდესაც ისინი ჩვენთან მოდიან და, როგორც გამოცდილება აჩვენებს, ჩვენ ბევრი სხვადასხვა ლიდერი გვყოლია და მათი ვიზიტების დროს ყოფილა სხვადასხვა სახის დარტყმები, თავდასხმები და დაშინება,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხარი არ დაუჭირა პუტინის იდეას მეორე მსოფლიო ომის აღსანიშნავ დღეებთან დაკავშირებით სამდღიანი ზავის შესახებ.