უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვზე რუსეთის მიერ დრონებით მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი საცხოვრებელ შენობებს ბომბას და არა სამხედრო ობიექტებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსებს ხარკოვში არანაირი სამხედრო მიზნები არ ჰქონდათ. ზელენსკის თქმით, რუსეთი შეგნებულად აკეთებს ამას და საცხოვრებელ სახლებს მაშინ ურტყამს, როცა ადამიანები სახლში არიან და შვილების დასაძინებლად ემზადებიან.
„ვიდრე მსოფლიო გადაწყვეტილებების მიღებას ყოყმანობს, უკრაინაში თითქმის ყოველი ღამე საშინელებად იქცევა. უკრაინას საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და რეალური გადაწყვეტილებები ჩვენი პარტნიორებისგან: შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან, ყველა ჩვენი პარტნიორისგან, რომლებიც მშვიდობისკენ ისწრაფვიან. მხოლოდ ძალა და სანქციები შეაჩერებს რუსეთს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, 2 მაიის გვიან სარამოს ხარკოვზე რუსეთის ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად 47 ადამიანი დაშავდა.