საგამოძიებო კომისია ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას, ჩვენთვის სამუშაო ლიცენზიების გაუქმებას, მაგრამ პარტიის ამბავი იუსტიციის სახლში არ წყდება, ჩვენი მხარდაჭერა ხალხშია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ეს საგამოძიებო კომისია ემსახურება ორ მთავარ ამოცანას. საქართველოს დადანაშაულებას, ყველაზე წარმატებული 9-წლიანი პერიოდის მონათვლას, თითქოს, მაშინ დაიქცა ქვეყანა, ეს იყო მთავარი უბედურება. საზოგადოებამ იცის, თუ რამე წარმატებას მიაღწია, სიბნელიდან, ჭაობიდან ამოვიდა პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა, სწორედ 2004 წლიდან მოყოლებული 2012 წლამდე პერიოდია. ამიტომ ამ ისტორიის გადაწერა უნდათ, ამ მეხსიერების შეცვლა უნდათ. ერთი მხრივ, უნდათ რუსეთსაც ასიამოვნონ და საქართველოს დაჰბრალდეს ომის დაწყება. თუმცა აქვე არის მეორე, პარალელური ამოცანა, რომელსაც ისინი ემსახურებიან. ეს არის ჩვენს პარტიაზე თავდასხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა. ჩვენთვის ე.წ. საბუთების ჩამორთმევა და სამუშაო ლიცენზიების გაუქმება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ რეგისტრაციაში და იუსტიციის სახლში არ წყდება პარტიის და იდეოლოგიის ამბავი. ჩვენი მხარდაჭერა არის ჩვენს ხალხში. „ნაციონალური მოძრაობა“ ემსახურება საქართველოს განვითარების, პროგრესის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეას. ამაზე დგას სწორედ ჩვენი პარტია და არა იმ საბუთებზე, რის წართმევასაც აპირებენ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.