საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი.
„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროში უქმდება ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი არ შეესაბამება სიმართლეს. რეფორმის შედეგად, შეიქმნება ევროპის საქმეთა პოლიტიკური დირექტორატი, იგი გააერთიანებს ევროპისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტებს. თავის მხრივ ევროინტეგრაციის დეპარტამენტში შეიქმნება 4 სამმართველო, რომელიც მოემსახურება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგს. დირექტორატის შექმნა დამატებით შეუწყობს ხელს ხსენებული ამოცანების შესასრულებლად ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ეფექტიან კოორდინაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრის გრიგოლ გეგელიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოჭორიშვილი ოფიციალურად აუქმებს ევროპული ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატს და 250 თანამშრომელს ათავისუფლებს.