უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვინაიდან რუსეთი 50 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდა აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და უკრაინის წინადადებას, საჭიროა აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა.
„50 დღეზე მეტია, რუსეთი უგულებელყოფს ამერიკის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
ასევე იყო ჩვენი წინადადებები - სულ მცირე, უარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმაზე და ხანგრძლივი სიჩუმე ცაში, ზღვასა და ხმელეთზე. რუსეთი ამ ყველაფერზე ახალი დაბომბვებითა და ახალი თავდასხმებით პასუხობს. სწორედ ამიტომ არის საჭირო დიპლომატიის ხელშესახები ბიძგი - საჭიროა რუსეთზე შემდგომი ზეწოლა, რაც აიძულებს მას დთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე და აწარმოოს მოლაპარაკებები. რაც უფრო ეფექტური იქნება სანქციები, მით უფრო მეტი სტიმული ექნება რუსეთს ომის დასასრულებლად. რაც უფრო ძლიერია უკრაინის თავდაცვა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები, რაც უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ და მით უფრო სწრაფად შევძლებთ გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოდესაში რუსული დრონის მიერ დაზიანებული შენობის ნანგრევებისგან წმენდა კვლავ მიმდინარეობს. ღამით ქალაქში ხანძრის მრავალი კერა იყო. ოდესას ღამით 21-მა რუსულმა დრონმა შეუტია, არის მსხვერპლიც.
ღამით ასევე თავდასხმის ქვეშ მოექცა ოდესის ოლქი, კიევი, სუმი, კროპივნიცკი და ხარკოვისა და ჩერკასის ოლქები. ხარკოვის რეგიონში მაშველები კვლავ ებრძვიან ხანძარს. „მხოლოდ ამ ღამეს რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 170 დრონი გამოიყენეს, რომელთაგან ასზე მეტი „შაჰედის“ ტიპის იყო“, - დასძინა ზელენსკიმ.
30 აპრილის საღამოდან მოყოლებული, რუსებმა უკრაინას 5 „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 170 მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვა ტიპის დრონებით შეუტიეს. აქედაბ 142-მა დრონმა სამიზნეს ვერ მიაღწია.