„ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ცესკოს ახალ დადგენილებას, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხმის მიცემის აპარატებზე ბიულეტენის დასაფარ მოწყობილობას ამატებენ.
მისი თქმით, ცესკო-ს აღიარება არჩევნების ბათილად ცნობის მტკიცებულებაა.
„ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მას დაქვემდებარებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწია უმნიშვნელოვანესი, უმძიმესი დანაშაულის აღიარება. იმ ცვლილებებით, რომელსაც ცესკო წარმოადგენს, დღეს ივანიშვილი და მისი რეჟიმი აღიარებს, რომ დარღვეული იყო კონსტიტუციური მთავარი უფლება, რაც გულისხმობს საკუთარ თავში საარჩევნო ხმის ფარულობას. ეს უფლება დარღვეული იყო, ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა ამ უფლების დარღვევა გამოიყენა ზეწოლისთვის, გაყალბებისთვის და მანიპულაციისთვის.
„ქართული ოცნება“ ამ აღიარების პირობებში გაატარებს დამატებით ცვლილებებს, რაც არჩევნების ბათილად ცნობის მტკიცებულებაა.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, თითოეული მსგავსი აღიარება არის ბრძოლის შედეგი, წინააღმდეგობის, საერთაშორისო პარტნიორებისადმი მოწოდებული ინფორმაციის, ეუთო/ოდირისადმი, რომელმაც შესაბამისი რეკომენდაციები გასცა შესაბამისი მძიმე კონსტიტუციური დარღვევების შესახებ. ხელისუფლებას სხვა გზა არ დარჩა რეაგირება მოეხდინა ჩვენს წინააღმდეგობაზე, საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციაზე“,- თქვა ირაკლი კუპრაძემ.