საერთაშორიო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა აწერს ხელს.
"Freedom House მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც თანმიმდევრულად და სრული უმრავლესობით ემხრობა თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ, გამოხატავენ რა განგაშს საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის მიღების მეორე მცდელობის გამო, იმ კანონის, რომელიც მოითხოვს გარკვეული სამოქალაქო ჯგუფების და მედიასაშუალებებისგან დარეგისტრირდნენ, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან".
მიღების შემთხვევაში, ეს კანონი მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას და მიანიჭებს ხელისუფლებას ახალ ბერკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს საქართველოს დააყენებს რეპრესიულ რეჟიმებს შორის, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას "ქართული ოცნების" მიმართ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. Freedom House-ი გმობს მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში კანონპროექტის წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენება და მასობრივი დაპატიმრებების ფაქტებს. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების და თავდასხმების გამო.
ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებულ სამეფოს დაუყოვნებლივი და კოორდინირებული მოქმედებებისკენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან.
სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე. ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოუთმენენ," - წერია განცხადებაში.