უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს სთხოვა, მომავალ წელს უკრაინას თავდაცვის, შეიარაღებისა და ქვეყნის მდგრადობის გასაძლიერებლად დამატებით, სულ მცირე, 70 მილიარდი ევრო გამოუყონ.
ამის შესახებ ზელენსკიმ 16 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მომავალ წელს ომი ქვეყანას 155 მილიარდი ევრო დაუჯდება, ამიტომ კიევს ევროპელი პარტნიორებისგან დამატებითი ფინანსური დახმარება სჭირდება.
„მომავალ წელს ომი 155 მილიარდი ევრო დაგვიჯდება. თქვენგან დამატებით მინიმუმ 70 მილიარდი ევრო გვჭირდება თავდაცვისთვის, იარაღისა და ჩვენი მდგრადობის გასაძლიერებლად. ეს რეალისტური თანხაა. გთხოვთ, გამონახოთ ეს დახმარება. ის რუსეთის შეკავებაში დაგვეხმარება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას, კერძოდ, ფინანსური დახმარება სჭირდება, რათა მეტი დრონის წარმოება შეძლოს და ფრონტის ხაზზე რუსეთის იერიშები შეაჩეროს.
ზელენსკის განცხადებით, ამ მხარდაჭერის შემთხვევაში უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის ორ-სამჯერ გაზრდა შეეძლებოდა.
„ფრონტზე რუსეთის იერიშების უმეტესობას დრონების დახმარებით ვაჩერებთ. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით რუსეთის მომარაგების გზებს ვჭრით. ჩვენი დრონები რუსეთის ეკონომიკის დასუსტებასაც უწყობს ხელს. ახლა შეგვეძლო დრონების წარმოება ორ-სამჯერ გაგვეზარდა, მათი ტიპის მიხედვით. თუმცა, ამისთვის უბრალოდ საკმარისი თანხა არ გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.