პარლამენტთან გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები შეუერთდნენ.
სტუდენტები რუსთაველის მეტროდან მსვლელობით დაიძრნენ და რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.
აქციას ასევე შეუერთდნენ და საზოგადოებას სცენიდან მიმართეს შშმ პირებმა.
საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდება საქართველოს 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები. სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა ლექტორთა ნაწილმა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00 საათზე იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების - "მონებო, რუსებო" ფონზე მოუწიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე 20 პირი დააკავეს. თუმცა, სახალხოდამცველის წარმომადგენლებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში მათ 23 დაკავებული დახვდათ.
უდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი ერთ-ერთი დაკავებული გურამ ადამია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დაკავებულს არაერთი მძიმე დაზიანება აღენიშნება სახის არეში, მათ შორის, განსაკუთრებით საყურდღებოა თვალის დაზიანება.
საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 13 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.