"ერთი მილიარდერის სანქცირებამ, შესაძლოა, მთელი ერი გადაარჩინოს" - ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა სტატია გამოცემა Bloomberg-ზე, რომლის ავტორია ჟურნალისტი (Opinion columnist) მარკ ჩემპიონი. წარსულში ჩემპიონი The Wall Street Journal-ის სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
სტატიაში ავტორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებლ მოვლენებს ადარებს. იგი ასევე წერს დასავლეთის საპასუხო რეაგირების შესახებ, რომელმაც შესაძლოა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებისგან იხსნას.
"საქართველოს ახლა თავისი "მაიდანის მომენტი" აქვს. აშშ-სა და ევროპის მისამართით ჩნდება კითხვა, თუ როგორ უპასუხონ ამას. მეორე კითხვა დგას თავად დემონსტრანტების მიმართ, უნდათ თუ არა ჰქონდეთ "იანუკოვიჩის მომენტი", სადაც ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ? პირველ კითხვაზე პასუხი რთულია, მაგრამ მეორეზე მარტივია: არა.
ისევე როგორც კიევში 2013-2014 წლებში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. პროტესტის გამომწვევი მიზეზია "უცხოელი აგენტების" კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ წარუდგინა პარლამეტნს, რომელსაც მხარს უჭერს მისი ლიდერი, მულტიმილიარდერი ბიძინა ივანიშვილი.
რეალური პრობლემა გაცილებით ღრმაა, ეს ეხება იმას, თუ როგორი მომავალი სურთ ქართველებს, მაშინ როდესაც, მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, როგორც ჩანს მოსკოვის გზას ირჩევს", - წერს ჩემპიონი.
სტატიის ავტორი ასევე წერს ბოლო დღეების განმავლობაში მუქარებზე, დაშინებაზე, ძალადობაზე და თბილისში გაჩაღებულ სიძულვილის კამპანიაზე, როდესაც ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან გააკრეს პოსტერები წარწერით "უცხოეთის აგენტები". იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს მთავრობის ინიციატივაზე, შექნას "არასასურველ პირთა" მონაცემთა ბაზა.
"ეს არის შემზარავი რამ, რაც ცხადყოფს მთავრობის განზრახვას, გამოიყენოს უცხოური აგენტების კანონი ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს - როგორც რეპრესიის იარაღს ოქტომბრის არჩევნების წინ და არა ლობისტებისთვის გამჭვირვალობის იძულებისთვის, როგორც ეს აშშ-შია", - წერს ავტორი.
მარკ ჩემპიონი წერს, რომ ქართველების დაახლოებით 80% სურს ევროკავშირში გაწევრიანება. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი კი, როგორც ჩანს, მიიღება იმისათვის, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი შეფერხდეს".
"კანონპროექტი ერს განადგურებით ემუქრება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მან ასევე გააფრთხილა უსაფრთხოების ძალები, არ შეასრულონ შემდგომი ბრძანებები საპროტესტო აქციების ძალისმიერი გზებით ჩახშობის შესახებ", - წერს ჩემპიონი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული ტანკები თბილისიდან 56 კილომეტრი დგანან, ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს პუტინის პასუხი თბილისში კიდევ ერთ პროდასავლურ "გადატრიალებაზე".
"სჯობს ოპოზიციური პარტიები და მომიტინგეები ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ფოკუსირდნენ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაზე", - შენიშნავს ავტორი.
ამასთან, ჩემპიონი კითხვას სვამს, რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა? "ევროკავშირი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია, მას სურს მხარი დაუჭიროს მოსახლეობას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მთავრობის დააჯილდოება".
მარკ ჩემპიონის განცხადებით, სანქციები, რომლებიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, ვაშინგტონში უკვე განიხილება.
"მე არ ვარ სანქციების დიდი მხარდამჭერი, ისინი როგორც წესი ნელა მოქმედი ინსტრუმენტებია და რეალური მიზნის მიღევის ნაცვლად, შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ აშშ-ის ხაზინა და ევროკომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შეიძლება იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პირის სანქცირებამ შეცვალოს პოლიტიკა",- წერს ჩემპიონი.
სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილის სანქცირებამ შესაძლოა შეცვალოს პოლიტიკა, რადგან მისი მილიარდები კრიტიკული საკითხია მისთვის და "ქართული ოცნებისთვის".
მაიკ ჩემპიონი სტატიაში ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ოფშორების კანონზე" ამახვილებს ყურადღებას.
სტატიის ავტორის თქმით, ეს კანონი ივანიშვილს საშუალებას მისცემს, სანქციებისგან დაიცვას მისი ფული.
"ის ასევე რისკავს, რომ თავად საქართველო გადაიქცეს მიმზიდველ ოფშორულ თავშესაფარად მდიდარი რუსი ბიზნესმენებისა და კრიმინალებისთვის", - წერს ავტორი.
"ეს [სანქცირება] ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი ოფიციალური პირის, რომელიც არ არის ხალხის მიერ არჩეული, აქტივების გაყინვა პირდაპირ გავლენას მოახდენს იმავე ადამიანზე, რომელიც აფინანსებს და აკონტროლებს მთავრობას. თუ ეს შეიძლება გაკეთდეს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა". - წერს ჩემპიონი.