პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
"ყველამ იხილეთ რა რეაქცია მოყვა უმრავლესობის მხრიდან აღნიშნული კანონის ინიციირებას. ამას გამოეხმაურა, როგორც ევროკავშირი, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ ბიუროზე, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო და არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო აღნიშნული კანონის განხილვა კომიტეტებში და ზოგადად შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო, რომ აღნიშნული კანონი პარლამენტში აღარასდროს აღარ დაბრუნდებოდა".- თქვა სალომე ზურაბიშვილის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.