საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლის შედეგები შეაჯამა.
როგორც ნიკა გილაურმა წლის ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყანამ 2010 წელი 6-ზე მაღალი პროცენტიანი ზრდით დაასრულა.
"ეს პოზიტიური ციფრია. მე გადავხედე სხვა ქვეყნის მაჩვენებლებსაც და მეზობელი სახელმწიფოებიდან ასეთი მაღალი ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ თურქეთს აქვს. რა თქმა უნდა, ეს გასახარია", - განაცხადა გილაურმა.
ამასთან, მისი განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ექსპორტის ზრდამ, ენერგეტიკულმა პროექტებმა და ტურიზმის განვითარებამ.
"35 %-ით გაიზარდა ექსპორტი, მათ შორის 25 %-ით სოფლის მეურნეობის პროდუქციის და 50 %-ით ღვინის ექსპორტი. რაც შეეხება ენერგეტიკას, წელს 5 ახალი ჰესის მშენებლობა დაიწყო. გარდა ამისა, დავიწყეთ თურქეთთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა და რეკორდულ მაჩვენებელს მივაღწიეთ ელექტროენერგიის ექსპორტის კუთხით. ამ დროისთვის საქართველო ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ქვეყანაა. ტურიზმის სფეროში წლევანდელმა მაჩვენებლებმა კი ყველა მოლოდინს გადააჭარბა _ 38-40 %-ით არის გაზრდილი საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან თითოეული ტურისტის შემოსვლა ეს არის გარედან შემოტანილი თანხა, რომელიც ქვეყანაში (თუნდაც რესტორნებში და სასტუმროებში) რჩება", - განმარტა პრემიერმა.
გარდა ამისა, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, წელს საბანკო სექტორში დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელების მოცულობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.
"34 %-ით არის გაზრდილი დეპოზიტების, ხოლო საკრედიტო პორტფელების მოცულობა 15 %-ით. ასევე გაზრდილია ავტომობილებისა და უძრავი ქონების რეგისტრაცია. საქართველო უცხოური კომპანიებისთვის ავტომანქანების რეექსპორტისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო გახდა ", - აღნიშნა ნიკა გილაურმა, თუმცა აქვე ისიც დასძინა, რომ უძრავი ქონების სექტორში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
ამასთან ერთად, პრემიერმა დადებითად შეაფასა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, რომელიც წლის პრიორიტეტულ სფეროებს წარმოადგენდა და განმარტა, რომ 2010-ში "ბევრი კარგი პროგრამა" ამოქმედდა.
"წელს ჯანდაცვის სექტორში მასშტაბური რეფორმები დავგეგმეთ და მისი განხორციელება დავიწყეთ. ამ ეტაპზე ქვეყანაში 41 ახალი კლინიკა შენდება და მომავალი წლის ბოლოსთვის ამ კუთხით სულ სხვანაირი ინფრასტრუქტურა გვექნება - 2011 წლის ბოლოს არც ერთი საავადმყოფო აღარ იქნება იმ სტანდარტების, როგორიც დღეს არის. ამ დროისთვის ჩვენ მივიღებთ 80-90 ახალ კლინიკას, რომლის მშენებლობაშიც სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორიცაა ჩართული. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ სამედიცინო სფეროს ბევრი სეგმენტი მალე სწორედ კერძო სექტორის ხელში გადავა. სახელმწიფო მხოლოდ ტუბერკულოზის, შიდსის, ონკოლოგიურიური დაავადებების ცენტრებსა და ასეთი ტიპის სეგმენტებს დაიტოვებს, დანარჩენის მენეჯმენტს კი კერძო სექტორი გააკეთებს... რაც შეეხება განათლების სფეროს, მას შემდეგ რაც სკოლაში მანდატურები შევიდნენ, მოზარდების მიერ ჩადენილი დანაშაულები 80 %-ით შემცირდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანის პროგრამის ამოქმედება და პედაგოგთა სერტიფიცირება, რადგან ჩვენ მაღალ კვალიფიციური მასწავლებლები უნდა გვყავდეს", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, ნიკა გილაურმა კიდევ ერთხელ ისაუბრა შემოსავლების სამსახურის "ახალ კურსზე", ახალ საგადასახადო კოდექსზე, რომელიც 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება, ტერმინალების ნაცვლად შექმნილ ლილოს გეზზე (გაფორმების ეკონომიკური ზონა) და განაცხადა, რომ ისინი ბევრად უფრო ლიბერალური და მორგებულია კერძო სექტორზე.