მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკოსს, მტკიცედ დაგმოს ლგბტი-ფობიის, ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა განაცხადა.
დუნია მიატოვიჩის განცხადებით, მმართველი პარტიის მხრიდან კონსტიტუციის ცვლილების ინიციატივა ლგბტი-ფობიით წინასაარჩევნო მანიპულირებაა.
„შეშფოთებული ვარ ახლანდელი პოლიტიკური დისკურსით საქართველოში, რომელიც გამოწვეულია პარტია „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და ახალი საკონსტიტუციო კანონის, „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ მიღების ინიციატივით“, -აცხადებს დუნია მიატოვიჩი.
მისი თქმით, თქმით, ლგბტი ადამიანები კვლავ არიან სიძულვილის, დანაშაულებისა და გავრცელებული დისკრიმინაციის სამიზნე საქართველოში.
„ეს არის ამსახველი იმ ძლიერი და დამაზიანებელი სტერეოტიპების და ცრუწმენების ლგბტი ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსშიც. ამას შეუძლია, ძლიერი, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ლგბტი ადამიანთა უფლებებზე, უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნაზე, ასევე მათ უფლებადამცველებზე. ეს ასევე წარმოადგენს ლგბტი-ფობიის პოლიტიკურ მანიპულაციას წინასაარჩევნოდ, რომელიც ადრე მე უკვე განვიხილე და მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველანაირი ადამიანის უფლებების პატივისცემაზეა დამყარებული“,- აღნიშნავს კომისარი.
მიატოვიჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვასა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისა და ადამიანის უფლებადამცველთათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მკაცრად დაგმონ ლგბტი-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში.
სოლიდარობას ვუცხადებ ყველას, ვინც მხარს უჭერს და იცავს ქართული საოზგადოების ყველა წევრის ადამიანთა უფლებებს, მათ შორის ლგბტი ადამიანების და იმათი, ვინც მუშაობენ მშვიდობიანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, რომელიც ერთგულია თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებაში.