ვგეგმავთ ვიზიტებს ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოდან, არ გვაქვს დასაკარგი დრო, უკვე გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესში ვართ, - ამის შესახებ ურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.
„ვგეგმავთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ინსტიტუტებსა და 27 წევრ სახელმწიფოს, დიალოგის გასაძლიერებად. რატომ? რადგან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. ეს ძვირფასი დროა. ჩვენ უკვე გაფართოების შესახებ ანგარიშის მომზადების პროცესში ვართ, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოქვეყნდება, ევროკომისიისგან რეკომენდაციებით, წავიწიოთ წინ შემდეგი ნაბიჯისკენ თუ მოვიცადოთ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საკმარისი პროგრესი იქნება, რათა შევძლოთ ჩვენი წევრი ქვეყნებისთვის შემდგომ ეტაპზე გადასვლის შეთავაზება“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
კითხვაზე, რა იგულისხმება ღია საკითხებში, ჰერჩინსკიმ განცხადა, რომ ღია საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირი გულწრფელია. მისივე თქმით, ცხრა ნაბიჯი მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის, სენსიტიურ სფეროებში.
„რა თქმა უნდა, არსებობს ღია საკითხები და ჩვენ ძალიან გულწრფელები ვართ მათ შესახებ. ეს ბუნებრივია. თუ გადახედავთ ცხრა ნაბიჯს, ის მოიცავს საკმაოდ სერიოზულ რეფორმებს, მათ შორის ძალიან სენსიტიურ სფეროებში, მათ შორის, მართლსამსაჯულების რეფორმებს. სწორედ ამიტომ გვჭირდება საუბარი, ერთმანეთის არგუმენტების მოსმენა და რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირს სურს , რომ საქართველო გახდეს მისი წევრი და ასევე პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას ზუსტად იგივე სურვილი აქვს. ასე რომ, თუ არსებობს ნება, დარწმუნებული ვარ, გამოსავალიც იქნება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.