ვაშინგტონი განიხილავს სანქციების დაწესების შესაძლებლობას ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინასთან ომში. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა CNBC-ს განუცხადა.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, რომ კანონმდებლები განიხილავენ ანალოგიურ ზომებს, რასაც ევროკავშირი უკვე ამზადებს.
„ჩინეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ იგივე ტიპის სანქციები, რომლებიც ვრცელდება რუსეთზე და გავლენას ახდენს რუსეთის პროდუქტიულობაზე, ეკონომიკურ წარმადობასა და ცხოვრების ხარისხზე, შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩინეთის მიმართაც“, - განაცხადა კონოლიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
მისი თქმით, ჩინეთს უფრო მეტი აქვს დასაკარგი ვიდრე რუსეთს.
აშშ-ს პოტენციურმა სანქციებმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩინეთის ეკონომიკას, რომელიც თანამედროვე ისტორიაში პირველად განიცდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადინებას და ასევე განიცდის კრიზისს უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც ფასები რეკორდულ დონეზე დაეცა 2015 წლიდან. გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკას დაემატა 5,2%, მაგრამ 2028 წლისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მისი ზრდის ტემპი 3%-ს დაბლა დაეცემა.
კიევის ეკონომიკის სკოლის მონაცემებით, ჩინეთი დასავლური ტექნოლოგიების რუსეთში გადაცემის მთავარ არხად იქცა. ამავდროულად, აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ჩინეთი ხდება რუსეთისთვის მზარდი სამხედრო მხარდამჭერი, რომელიც მოსკოვს სავარაუდოდ ამარაგებს ორმაგი დანიშნულების საქონლითა და აღჭურვილობით. ზოგიერთი მათგანი კი უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დროს გამოიყენება.
პეკინი უარყოფს ყველა ბრალდებას და ამბობს, რომ მოსკოვთან ვაჭრობა წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ თანამშრომლობას.
თებერვალს, ევროკავშირმა განაცხადა, რომ იგეგემება ახალი სავაჭრო სანქციების დაწესება ოცამდე კომპანიის, მათ შორის სამი ჩინური ორგანიზაციის მიმართ უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის გამო. თუ ეს ზომები მიიღება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩინურ კომპანიებს შეზღუდვებს დაუწესებს.