მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებისგან, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე პარტია „მოქალაქეების“ წევრს ალეკო ელისაშვილს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, სხდომათა დარბაზში დღეს ძალიან არასასიამოვნო სცენა ნახა მთელმა საქართველომ.
„ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად ზრდილობა“. ჩვენმა ერთმა წინაპარმა თქვა, არ ვიცი, კაცი იყო, ქალი იყო. ჩემთვის ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, დღევანდელი სცენა რომ ენახა. რაც ვნახეთ მთელმა საქართველომ დღეს აქ, რომ შემოდის პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“, - თქვა ელისაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა დეპუტატს რეგლამენტის იმ ნორმის დაცვისკენ მოუწოდა, რომელიც სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობას შეეხება.
„მადლობა ბატონო ალეკო, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტსა და მისალმების ფორმებზე ზრუნავთ. აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებიდან. ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84 მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის, ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საპროტოკოლო, საქმიანი ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე, ამას მიაქციოთ ყურადღება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.