აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ოსტინმა ამის შესახებ უკრაინის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლოიდ ოსტინი კიევში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა.
მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღას და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
„ჩვენი მხარდაჭერა გრძელდება. ნება მომეცით, გითხრათ, რომ ამერიკელებსა და ხალხზე მთელს მსოფლიოში შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა გამბედაობამ, ერთგულებამ და მზადყოფნამ გააკეთო ის, რაც საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად“, – აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
პენტაგონის თანახმად, დახმარების პაკეტი მოიცავს ერთ HIMARS-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სარაკეტო სისტემას და დამატებით საბრძოლო მასალას, საზენიტო რაკეტებს Stinger, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW, Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.
უკრაინა ასევე მიიღებს სამ მილიონზე მეტ ვაზნას, ზამთრის აღჭურვილობას და სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ და სხვა დამხმარე აღჭურვილობას.
პენტაგონმა მოუწოდა კონგრესს დაამტკიცოს თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დაფინანსების კანონპროექტი, რათა შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს დახმარების მიწოდება უკრაინისთვის.