სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ კონგრესმა დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელიც არ ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას.
„მინდა გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, კონგრესის მიერ შაბათს მიღებული კანონპროექტი არ შეიცავს უაღრესად საჭირო დახმარებას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, ამოწურულია უკრაინის უსაფრთხოების სფეროში დახმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავაგრძელოთ უკრაინის შესაძლებლობების მხარდაჭერა უახლოეს პერსპექტივაში, ჩვენ უკვე ამოვწურეთ უსაფრთხოების სფეროში დახმარების დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი“,- დასძინა მან.
მილერმა კონგრესს მოუწოდა დააფინანსოს უკრაინისთვის დახმარება და ასევე პენტაგონს მისცეს შესაძლებლობა შეავსოს იარაღის მარაგი. მისი თქმით, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები კიევს გაუგზავნის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს დარჩენილი თანხებიდან.
„თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარულ ლიდერებს მივცემთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ სხვა სუვერენული ქვეყნების მიმართ, მაშინ გაეროს მთელი წესდება ანულირდება და ჩვენ აღმოვჩნდებით სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება მოხდეს ყველგან და ნებისმიერ დროს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ”ეს ბევრად უფრო ძვირი და ბევრად საშიში იქნება ამერიკელი ხალხისთვის.”
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატების კონგრესმა დაამტკიცა დროებითი ბიუჯეტი, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს იმოქმედოს კიდევ 45 დღის განმავლობაში. ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია სტიქიური უბედურებისთვის, მაგრამ არ შეიცავს უკრაინის დახმარებას.