უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსული ჯარი ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს, ჩვენს შეხვედრაზე არაერთხელ აღვნიშნე მკაფიოდ - რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკების დაშვება, იმ დროს, როდესაც ოკუპანტი ჩვენს მიწაზეა - ეს ნიშნავს ომის გაყინვას, ტკივილისა და ტანჯვის გაყინვას...
რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ყველას მოტყუებას „მინსკით“. ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს დაუბრუნდეს თავის ძველ, ტყუილის პრიმიტიულ ტაქტიკას. მაგრამ რუსეთს მსოფლიოს მოტყუება აღარ გამოუვა. უკრაინის მოტყუება ნამდვილად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: საჭიროა რეალური მშვიდობა, ეს კი ნიშნავს - მთელი ჩვენი დამოუკიდებელი მიწიდან რუსეთის ჯარების რეალურ გასვლას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
16 ივნისს უკრაინაში ჩავიდა დელეგაცია აფრიკიდან, რომლის წევრებიც არიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, კომორის კუნძულების, სენეგალის, ზამბიის პრეზიდენტები და ეგვიპტის პრემიერი, ასევე კონგოსა და უგანდის სპეციალური წარმომადგენლები.
აფრიკელი ლიდერები უკრაინაში სამშვიდობო მისიით ჩავიდნენ, 17 ივნისს კი ისინი შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გეგმავენ. მათ სურთ შეთანხმებას მიაღწიონ უკრაინიდან და რუსეთიდან აფრიკის კონტინენტზე მარცვლეულისა და სასუქის შეტანასთან დაკავშირებით.