დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა, რომ მზად არიან დანიის ავიაბაზაზე უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვაში მოამზადონ.
ამის შესახებ პოულსენმა ტელეარხ TV2 -ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდებთან ერთად შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს უკრაინელი პილოტების მომზადებას გამანადგურებლების მართვაში, დანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე, სადაც განლაგებულია ამ კლასის დანიური გამანადგურებლები.
მისივე თქმით, იმედი აქვს სხვა ქვეყნების დახმარების, რათა დანიამ და ნიდერლანდებმა შეძლონ უფრო კონკრეტული გეგმის წარდგენა ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე. მოსალოდნელია, რომ უკრაინელი პილოტების მომზადება დაიწყება საზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმის წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ დანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის შესახებ.
„ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ იმისგან, რომ ეს თვითმფრინავები პოტენციურად ჩაერთვნენ უკრაინის საჰაერო ძალებში. ჩემი შეფასებით, მომზადებას სულ მცირე ექვსი თვე დასჭირდება“, - განაცხადა პოულსენმა და დასძინა, რომ გამანადგურებლების გადაცემის საკითხს, პილოტების მომზადების შემდეგ დაუბრუნდებიან.