ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანმანქანასა და Leopard 2А4 ტიპის ოთხ ტანკს გაუგზავნის, ასევე გადასცემს სამხედრო ჰოსპიტალს.
ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
რობლესის ცნობით, 19 ივნისს პოლონეთში ჩავა 20 ჯავშანმანქნა, ასევე Leopard 2А4 ტიპის ოთხი ტანკი, პოლონეთიდან კი უკრაინაში გაიგზავნება.
ესპანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინაში ასევე გაიგზავნება საველე ჰოსპიტალი Role 2 plus. ჰოსპიტალი უზრუნველყოფს სამხედროების ქირურგიულ და სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას. უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ჰოსპიტალს მოემსახურებიან, მომზადებას ესპანეთში გაივლიან.
რობლესმა აღნიშნა, რომ ესპანეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა მის ბრძოლაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის იქნება ურყევი და გაგრძელდება მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.