უკრაინასა და ნატო-ს შორის ურთიერთობის ახალი ფორმატი, შესაძლოა, ვილნიუსის სამიტიდან დაიწყოს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღეს ძალიან ეპოქალური მოვლენა მოხდა. 2016 წლის შემდეგ პირველად, შედგა უკრაინა-ნატო-ს კომისიის შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ყველა მათგანის მონაწილეობით“, – აღნიშნა რეზნიკოვმა და დასძინა, რომ ამ ფორმატში შეხვედრები წინა წლებში უნგრეთის ვეტოს გამო არ ტარდებოდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრების დონეზე შეხვედრები უკვე „უკრაინა-ნატო-ს საბჭოს“ ფორმატში იქნება.
რეზნიკოვის განმარტებით, საბჭოს ფორმატი მოიაზრებს ურთიერთობების ახალ დონეს და თანამშრომლობის უფრო მაღალ სტანდარტებს.
„როდესაც უკრაინა ჯერ კიდევ არ იქნება ნატოს წევრი, მაგრამ უკვე იქნება თანაბარი პირობებით ყველა კომიტეტში, ყველა წარმომადგენლობით შეხვედრაზე საკითხების დაყენების უფლებით“,- განაცხადა რეზნიკოვმა.
მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს შესაძლო შექმნა ნიშნავს ალიანსსა და კიევს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვან გაძლიერებას და ეს იქნება ორგანო, რომელსაც ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ექნება.