სულ მცირე 59 მიგრანტი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად, სამხრეთ საბერძნეთის სანაპიროსთან. გავრცელებული ინფორმაციით, ნავი ლიბიიდან გამოვიდა და იტალიისკენ მიემართებოდა.
მასშტაბური სამაშველო ოპერაციის შედეგად 104 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი მაშველებმა საბერძნეთის რეგიონის პელოპონესისდან 75 კილომეტრში იპოვეს. გადარჩენილები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს.
ნავი, ლიბიის ტორბუკის რაიონიდან გამოვიდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის განცხადებით, აღნიშნული ნავი საერთაშორისო წყლებში სამშაბათს ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს კუთვნილმა თვითმფრინავმა დააფიქსირა. მათივე ინფორმაციით, ბორტზე არცერთ მგზავრს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი და მგზავრებმა შეთავაზებულ დახმარებებზე უარი განაცხადეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი ნავი ჩაიძირა.