უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც ოკუპანტების განადგურების შესაძლებლობას იძლევა.
„მტერმა ვერ შეძლო ბახმუტის ალყაში მოქცევა. მათ დაკარგეს ქალაქის გარშემო დომინანტი სიმაღლეების ნაწილი. ჩვენი ჯარების წინსვლა შემოგარენში ფლანგებზე, რომელიც ამჟამადაც გრძელდება, ძალიან ურთულებს მტერს ბახმუტში ყოფნას.
ჩვენმა სამხედროებმა ქალაქი ნახევრად ალყაში მოაქციეს, რაც მტრის განადგურების შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მტერი, ქალაქის იმ ნაწილში, რომელსაც აკონტროლებს, იძულებულია თავი დაიცვას“, - განაცხადა მალიარმა.
მალიარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინელები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კონტროლს ინარჩუნებენ.
დონეცკის ქალაქი ბახმუტი ფაქტობრივად სრულად არის განადგურებული რუსეთის ძალების დარტყმების შედეგად, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერის სერჰი ჩერევატის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ პოზიციების გამაგრებას ქალაქის სამხრეთ-დასაველთ ნაწილში.